ხელშეკრულება სატრანსპორტო ექსპედიციის გაწევის შესახებ
(„ხელშეკრულება“)
ქ. ბათუმი 01 მაისი 2022 წ.

ხელშეკრულების მხარეები:
ერთი მხრივ ფიზიკური ან იურიდიული პირ („შემკვეთი“)
მეორე მხრივ ინდ.მეწარმე ლილია ვისოჩინსკაია (საიდენტიფიკაციო კოდი 345630551) („ექსპედიტორი“)


1.ტერმინთა განმარტება:
1.1.წინამდებარე ხელშეკრულებაში მოხსენიებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
სატრანსპორტო ექსპედიცია - დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება და შესაბამისად მოქმედებების ორგანიზება, გადაზიდვაში მონაწილე მესამე პირთა შერჩევა და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა საჭირო თანმხლები მომსახურების გაწევა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.
მომსახურება - მომსახურება მოიცავს როგორც სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებას, გადაზიდვას, როგორც მის ძირითად პირობას, ასევე მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მომსახურებას, რომლესაც ითვალისწინებს წინამდებარე ხელშეკრულება ან რომელსაც ექსპედიტორი შესთავაზებს შემკვეთს და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდება დამატებითი შეთანხმება აღნიშნულის შესახებ. ზემოხსენებულის მიხედვით ნებისმიერი მომსახურების შესახებ შეკვეთა მოხდება განაცხადის ფორმით.
ექსპედიტორი - ინდ.მეწარმე ლილია ვისოჩინსკაია (საიდენტიფიკაციო კოდი 345630551), რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციას/გადაზიდვას.
შემკვეთი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის დავალების საფუძველზე ხდება ექსპედიტორის მიერ სატრანსპორტო ექსპედიციის განხორციელება.
ადრესატი - მესამე პირი, რომელთანაც ექსპედიტორი ახორციელებს შემკვეთის მიერ მიცემული დავალების მიხედვით საკურიერო/საექსპედიციო/გადაზიდვის მომსახურებას და შესაბამისად განაცხადით გათვალისწინებული ნივთის მიწოდებას.
გზავნილი - ამანათი/ტვირთი/ნივთი რომელსაც გააჩნია კონკრეტული ფორმა, ზომა, წონა და მზად არის გადასაზიდად, შესანახად და ჩამოსატვირთად.
წერილობითი შეტყობინება - მოიცავს ასევე ტელეგრამას, ტელეფაქსს ან ნებისმიერ ჩანაწერს ელექტრონული სახით, რომელიც იძლევა ადრესატისათვის გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას, და რომლის გამოყენებაზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ელექტრონული ხელმოწერა - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის, ტელეფაქსის, ტელეგრამის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
დამატებითი ხარჯები - სატერმინალო, კონტეინერით სარგებლობის, გადასაზიდი ტვირთების გაცილების, მოცდენის, ჩატვირთვის ადგილის ან/და დანიშნულების ადგილის ცვლილება/დამატების, უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ მოთხოვნილ ფინანსურ ან სხვა ტიპის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ნებისმიერ სხვა ხარჯი, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით და რომელიც წარმოიშობა სატრანსპორტო ექსპედიციის განხორციელების პროცესში.
განაცხადი - ფორმა, რომელშიც მითითებულია სატრანსპორტო ექსპედიციის განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი პირობები (ტვირთის თვისებები, მახასიათებლები, გადაზიდვის ფორმები, ვადები და ა.შ.) და რომელსაც ექსპედიტორისათვის შეკვეთის მისაცემად ავსებს და აფორმებს შემკვეთი. ამას გარდა, განაცხადი შესაძლებელია მოიცავდეს სხვა მომსახურების
შესახებ მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ძირითად მომსახურებას და შეთავაზებულია ექსპედიტორის მიერ, მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე. განაცხადი შესაძლოა იყოს შემკვეთის მიერ ექსპედიტორის საიტზე შევსებული სამომხმარებლო ფორმა.
საიტი- ექსპედიტორის ვებ-გვერდი (www.wildberidze.ge) სადაც მოცემულია მომსახურების ძირითადი ტიპები, მათი განხორციელების წესები და ტარიფები, რომლის გათვალისწინებაც და დაცვაც ევალებათ წინამდებარე კონტრაქტორ მხარეებს.
სამუშაო დღე - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე. საქართველოს კანონმდებლობით რომელი დღეც არ არის უქმე.
უქმე დღე - საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ყველა დასვენების დღე, რომელიც არ არის სამუშაო დღე.
სამუშაო საათები - ექსპედიტორის ის სამუშაო საათები, კონკრეტული დრო როდესაც ისინი ახორციელებენ თავიანთი წესდების მიხედვით მომსახურებას.
*შეკვეთის ფორმა შესაძლებელია შეთანხმებული და ხელმოწერილი იყოს ელექტრონული საშუალებების დახმარებით (ელ.ფოსტა).
წერილი/ოფიციალური წერილი/შეტყობინება: როგორც მატერიალური სახით გაგზავნილი წერილი, ასევე ელექტრონული ფოსტა, რომელიც გაგზავნილი იქნება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემკვეთის და ექსპედიტორის ელ.ფოსტაზე:
ხელშეკრულების მიზნებისთვის მხარეები განსაზღვრავენ საკონტაქტო მისამართებს:
შემკვეთის ელ.ფოსტა: ექსპედიტორის მისამართი: ბათუმი, ნ.ბარათაშვილის ქ.26
ელ.ფოსტა: leyla.wb.geo@gmail.com


2.ხელშეკრულების საგანი:
2.1.წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ექსპედიტორი კისრულობს ვალდებულებას, შემკვეთის დავალებით გაუწიოს მას სატრანსპორტო ექსპედიცია და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ექსპედიტორს შეთანხმებული ან/და განაცხადში მითითებული მომსახურების საზღაური (პროვიზია) და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები წინამდებარე ხელშეკრულებით და შემკვეთის განაცხადით გათვალისწინებული ოდენობით და წესით.
2.2.წინამდებარე მუხლის 2.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მხარეები იმოქმედებენ ამ ხელშეკრულების, განაცხადში მითითებული დამატებითი პირობების, საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით დადგენილი წესების მიხედვით.
2.3.წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად ექსპედიტორი მოქმედებს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2.4.ექსპედიტორის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ ექსპედიციის/გადაზიდვის და განაცხადში მითითებული მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებით, რომელიც ექსპედიტორის მიერ იქნება შეთავაზებული შემკვეთისთვის ან/და მხარეთა შორის შეთანხმებული. ყველა სხვა დამატებითი თანხა ნაწილდება შემკვეთსა და ადრესატს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2.5.მომსახურების ძირითადი ტიპები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია ექსპედიტორის ვებ-გვერდზე (www.wildberidze.ge) რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. აღნიშნულ საიტზე რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთის მიერ განთავსებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური. მის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.6.შეკვეთა განხორციელდება შემკვეთის პერსონალურ გვერდზე. შეკვეთა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიხედვით. შემკვეთმა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს აღნიშნული უფლება და დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე კანონმდებლობით დადგენილი პირობები.
2.7.ექსპედიტორის მომსახურება მოიცავს, როგორც გზავნილის გადაზიდვას, ასევე მასთან დაკავშირებულ დამატებითი სახის მომსახურებებს, რომელიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებით და მასთან თანდართული დოკუმენტაციით. სახელშეკრულებო ურთიერთობისას ექსპედიტორმა შესაძლებელია შესთავაზოს შემკვეთს დამატებითი სახის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებას შეცვლილი ან/და გაუმჯობესებული სახით მიწოდება, რომელიც არ შეცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ მომსახურების ძირითად პირობებს და მიზანს.
2.8.წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია მომსახურება მოიცავდეს შემდეგ პირობებს: ექსპედიტორი აწვდის ადრესატს შემკვეთის მიერ გადაცემულ ნივთს, რომელზეც ანგარიშწორებას ახდენს ადრესატი შემკვეთთან, ექსპედიტორის დახმარებით/შუამავლობით.
2.9.მომსახურების შესრულება მოხდება ექსპედიტორის სამუშაო დღეებსა და საათებში, თუ ამ პირობისგან განსხვავებულ პირობაზე მხარეები არ შეთანხმდებიან დამატებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
2.10.გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას ახორციელებს ექსპედიტორი შემკვეთის მიერ ტვირთის შესახებ მოწოდებული, განაცხადში მითითებული, ინფორმაციის მიხედვით, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზავნილის თანმხლები აუცილებელი დოკუმენტაციისა, რომელიც მოიცავს ტვირთის ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს ან/და ზედნადებს, სადაც აღნიშნული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია. შემკვეთმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება ექსპედიტორისათვის, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს, როგორც ტარიფის დასადგენად, ისე ტვირთის საიდენტიფიკაციოდ. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა იყოს.
ა) გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტი, მიმღებისა და გამგზავნის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ზუსტ მისამართს, საფოსტო ინდექსს, საკონტაქტო პირს და ტელეფონის ნომრებს.
ბ) ინვოისი და საჭიროების შემთხვევაში, გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია; ნებისმიერი დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნულია გზავნილის ღირებულება.
გ) გზავნილის ზუსტი და დეტალური აღწერილობა (წონა ბრუტო და ნეტო, მახასიათებლები, გაბარიტები, რომელსაც ექსპედიტორი ახორციელებს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აზუსტებს მათ.
დ) გადასაზიდი კონკრეტული გზავნილის მიწოდების პირობები;
ე) ტვირთის თვისობრიობა - სახიფათო ტვირთის შემთხვევაში მისი სახეობა და აღწერილობა, სახიფათო ტვირთებისთვის მინიჭებული საიდენტიფიცირებელი კოდი, ნომერი, კლასი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.11.ისეთ შემთხვევაში, თუ გზავნილი სათანადოდ არ იქნება შეფუთული და ექსპედიტორი თვლის, რომ მსგავსი შეფუთვით ნივთის ტრანსპორტირება შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ექსპედიტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს. თუ გზავნილის შეფუთვის გამოსწორება გონივრულ ვადაში ვერ ხერხდება, ექსპედიტორს უფლება აქვს უარი თქვას გადაზიდვაზე და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს. თუ ექსპედიტორი არასათანადო შეფუთვის შესახებ არ აცნობებს შემკვეთს და მიუხედავად რისკისა მაინც წაიღებს ნივთს, არასათანადო შეფუთვით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელია ექსპედიტორი.
2.12.ექსპედიტორი გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს შემკვეთის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად და მასზე დაყრდნობით შერჩეული გადაზიდვისთვის გასათვალისწინებელი პირობების მიხედვით. აქედან გამომდინარე, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია გზავნილის შესახებ მისი თვისობრიობების და მასთან დაკავშირებული გასაწევი მომსახურების დეტალების შესახებ (ასეთის საჭიროებისას), წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს დამდგარი შედეგისთვის. თუ აღნიშნულით ან/და შემკვეთის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის არასწორად მიწოდებით ექსპედიტორს მიადგება ზიანი, შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს დამდგარი ზიანი.
2.13.ექსპედიტორი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული შეამოწმოს გზავნილი ისე, რომ არ შეცვალოს შეფუთვის მდგომარეობა, ან უშუალოდ გზავნილის წამოღებისას, ან ექსპედიტორის ოფისში მიტანისას და დააკორექტიროს მისი წონა და შესაბამისად მომსახურების ფასი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
2.14.წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მიხედვით შემკვეთი ვალდებულია ზუსტად აღნიშნოს გზავნილის შემადგენლობა, მახასიათებელი, რაოდენობა, სახეობა, ფასი და დაახვედროს ექსპედიტორს სათანადოდ შეფუთული. აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე გზავნილის შემადგენლობის შესახებ ან/და ნებისმიერი გაუგებრობისას მტკიცების ტვირთი მთლიანად შემკვეთზეა. ექსპედიტორის მომსახურებიდან გამომდინარე ის მხოლოდ ახორციელებს გადაზიდვას და რიგ შემთხვევებში თანმდევ სხვა მომსახურებებს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
2.15.წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ექსპედიტორს გადააქვს გზავნილი შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, მითითებულ ადრესატთან. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ მიიღებს ტვირთს ან/და მომსახურების საფასურის გადახდაზე უარს იტყვის (თუ ასეთი შეთანხმებაა შემკვეთსა და ადრესატს შორის, რომლის შესახებ ინფორმირებულია ექსპედიტორი) შემკვეთი აუნაზღაურებს ექსპედიტორს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურს, ხოლო ექსპედიტორი უბრუნებს შემკვეთს მის მიერ გაგზავნილ ნივთს/გზავნილის.
2.16.ექსპედიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ტარიფები. მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში, ექსპედიტორი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს შემკვეთს. შემკვეთისთვის ამგვარი ცვლილების შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში ავტომატურად იმოქმედებს ძველი ტარიფები.
2.17.ექსპედიტორი უფლებამოსილია არ მოემსახუროს ისეთ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს, რომლებიც ეწევიან მსგავს საექსპედიტორო საქმიანობას, ან წარმოადგენენ მსგავსი კომპანიების დამფუძნებლებს თუ ხელმძღვანელ პირებს.

3.მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:
3.1.მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეული კონკრეტული ნივთის ჯამური/მოცულობითი წონის და შეფუთვის მიხედვით. რუსეთიდან თბილისში ან/და ბათუმში ტვირთის გადაზიდვის საფასური ცვალებადია და გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: www.wildberidze.ge, რომელსაც ემატება მომსახურების მთლიანი ღირებულების 15%.
3.2.ანგარიშსწორება ხდება ექსპედიტორის მიერ წარმოდგენილი ინვოისისა და დანართის საფუძველზე, რომელშიც მოცემული იქნება ყოველი ფაქტობრივად გაწეული მომსახურება.
3.3.მომსახურების და დამატებითი ხარჯების გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით(გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებით), ექსპედიტორის მიერ წარმოდგენილ შესაბამის ანგარიშში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, ექსპედიტორის მიერ გადახდის მოთხოვნის წარდგენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
3.4.იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი ახორციელებს ანგარიშსწორებას შემკვეთთან ექსპედიტორის მეშვეობით, ექსპედიტორი უფლებამოსილია შემკვეთს მიაწოდოს ადრესატის მიერ გადახდილი თანხა თავისი მომსახურების ღირებულების გამოკლებით, რომლის ოდენობაზეც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებული და გამოთვლილია წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, განაცხადით და მასთან თანდართული დანართებით. ამ შემთხვევაში ექსპედიტორს ენიჭება უფლებამოსილება აიღოს თავისი მომსახურების თანხა, საკომისიო 1.5%-ის ოდენობით, თუმცა ეკისრება ვალდებულება მიაწოდოს შემკვეთს თავისი კუთვნილი თანხა.
3.5.იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს აქვს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან ან/და მათი დარღვევიდან გამომდინარე ექსპედიტორის მიმართ დავალიანება, ექსპედიტორს უფლება აქვს გამოქვითოს მისი კუთვნილი თანხის ოდენობა იმ საანგარიშსწორებო თანხიდან, რომელსაც ადრესატი ახორციელებს შემკვეთის მიმართ ექსპედიტორის მეშვეობით.
3.6.ექსპედიციის ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს მხარეთა შეთანხმებით, როგორც ტვირთის გამგზავნი, ასევე მისი მიმღები. შემკვეთი ანაზღაურებს ექსპედიციის ხარჯებს, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც შემკვეთსა და ადრესატს შორის არსებობს შეთანხმება, რომ ამ ხარჯებს გადაიხდის ადრესატი. ასეთი შემთხვევისას, შემკვეთი ვალდებულია გააფრთხილოს ექსპედიტორი ზემოაღნიშნულის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ადრესატი ადგილზე არ გადაიხდის საფასურს, ექსპედიტორი ნივთს არ გადასცემს ადრესატს, დაუბრუნებს შემკვეთს, ხოლო მომსახურების საფასურს აანაზღაურებს შემკვეთი.

4.მხარეთა ვალდებულება:
4.1.შემკვეთი ვალდებულია:
4.1.1ექსპედიტორისათვის შეკვეთის მისაცემად გააფორმოს განაცხადი მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით. აღნიშნული განაცხადის გასაფორმებლად და მომსახურების ჯეროვნად გასაწევად დროულად მიაწოდოს ექსპედიტორს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც შეიძლება მოიცავდეს ხელშეკრულებას შემკვეთსა და ადრესატს შორის, ნივთთან დაკავშირებულ საგარანტიო ფურცელს ან სხვა დოკუმენტს.
4.1.2საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს (თუკი ნივთი წარმოშობს იმწუთიერ და მყისიერ საფრთხეს და მისი განადგურება აუცილებელია კონკრეტულ მომენტში) ან გაუვნებელდეს (შემდგომ ამისა საჭიროებისამებრ ან მივიდეს ადრესატამდე ან დაუბრუნდეს შემკვეთს), რაც არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საფუძველს ექსპედიტორისთვის. საფრთხეშემცველი ნივთის დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე გადმოტვირთვის შესახებ შემკვეთს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
4.1.3ექსპედიტორის მიერ დათქმულ დროში დაფაროს შემკვეთის მიერ განაცხადში მოთხოვნილი ცვლილებებით ან/და მისი მითითებების შესრულებით გამოწვეული ყველა ხარჯი (ასეთი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში). სატრანსპორტო ექსპედიციის პროცესში წარმოშობილ ნებისმიერ დამატებითი ხარჯზე, რომელიც არ არის გამოწვეული შემკვეთის ქმედებით, მისი მითითებით ან მისი ინიციატივით განხორციელებული ცვლილებით, პასუხისმგებელია ექსპედიტორი.
4.1.4აუნაზღაუროს ზიანი ექსპედიტორს, რომელიც მას მიადგება წინამდებარე მუხლის 4.1. პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო და დადასტურებული იქნება დოკუმენტურად.
4.1.5აუნაზღაუროს ექსპედიტორს ტვირთის დაბრუნების ხარჯები და აღნიშნულიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის სრული ხარჯი შესაძლო დამატებითი ხარჯებით, იმ შემთხვევაში თუ ტვირთის მიმღები უარს აცხადებს მისთვის განკუთვნილი ტვირთის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში ექსპედიტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს და დაელოდოს შემდგომ ინსტრუქციას. იმ შემთხვევასი, თუ ექსპედიტორი შემკვეთს დროულად არ აცნობებს ადრესატის მიერ ნივთის ჩაბარებაზე უარს, შემკვეთი თავისუფლდება ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
4.1.6გაითვალისწინოს ესპედიტორის მომსახურების დროები და განრიგი და მის მიხედვით მოსთხოვოს მომსახურების შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის მიტანისას მომსახურების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საჭირო ადგილას მისი ზუსტად განსაზღვრულ დროს ჩაბარება, შეუთანხმდეს ესპედიტორს და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს სასურველი მომსახურების შესახებ. ასეთი შემთხვევების არსებობა არ იწვევს ტარიფის ცვლილებას,
4.1.7პასუხი აგოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც დამდგარია შემკვეთის უშუალო ქმედებიდან ან/და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე.
4.1.8იმ შემთხვევაში თუ შემკვეთს მომსახურების გაწევა ესაჭიროება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ან არასამუშაო საათებში,შეუთანხმდეს ექსპედიტორს. მსგავს შემთხვევების არსებობა არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფის ცვლილებას.
4.1.9წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის საფუძველზე, რომელიც წარმოშობს ექსპედიტორისათვის გადახდის ვალდებულებას, დროულად და კეთილსინდისიერად გადაუხადოს გაწეული მომსახურებისათვის.
4.1.10წინამდებარე ხელშეკრულების 2.11. პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისას, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს ექსპედიტორს მომსახურების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპედიტორს შეუძლია არ დაუბრუნოს მისი გზავნილი და დაიტოვოს საკუთრების უფლებით, იქამდე სანამ არ შესრულდება წინამდებარე ვალდებულება.

4.2.ექსპედიტორი ვალდებულია:
4.2.1მხარეთა მიერ განაცხადით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
4.2.2გულისხმიერებით შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები და სატრანსპორტო საშუალება, გადასაზიდი ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
4.2.3მომსახურების გაწევის პროცესში დაბრკოლების ან გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს განაცხადში მითითებული პირობებიდან გადახვევას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ შემკვეთს და დაელოდოს მის მითითებებს. თუ მითითების მიღება ვერ ხერხდება ან დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანის მიყენების საფრთხე, ექსპედიტორი უფლებამოსილია თავად მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ მიჩნეული იქნება ყველაზე ხელსაყრელად და შემდეგ უზრუნველყოს შემკვეთის ინფორმირება უმოკლეს ვადაში.
4.2.4მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელოს სხვადასხვა დამატებითი დავალებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მხოლოდ შემკვეთის ტვირთის სატრანსპორტო მომსახურებასთან, რაც მხარეთა წინასწარი შეთანხმებით დამატებით ანაზღაურდება შემკვეთის მიერ.
4.2.5წინამდებარე ხელშეკრულების 3.4. და 3.5. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაქვითოს მხოლოდ მისი მომსახურების და ამ ხელშეკრულების პირობებიდან წარმოშობილი გადასახადები, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება შემკვეთს ექსპედიტორის მიმართ და წარუდგინოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შემკვეთს.
4.2.6უზრუნველყოს ექსპედიციის და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების გაწევა დროულად, ხარისხიანად და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (შემკვეთის მიერ გაკეთებული განაცხადის მიხედვით).
4.2.7წარუდგინოს მომსახურების სტატუსი შემკვეთს ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.
4.2.8იმ შემთხვევაში თუ შემკვეთი მოითხოვს ინფორმაციას ამანათის/ტვირთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ვალდებულია აცნობოს შემკვეთს აღნიშნულის შესახებ და მის შესახებ დეტალები.
4.2.9დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გასცეს მესამე პირებზე ინფორმაცია, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი წინამდებარე მომსახურების შესრულებისას გადასაზიდი გზავნილი შესახებ.
4.2.10დროულად უზრუნველყოს გადასაზიდი გზავნილი ზუსტი ადრესატისათვის ჩაბარება შემკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით.
4.2.11პასუხი აგოს უშუალოდ თავის ქმედებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფ ქმედებებზე, რომელმაც მატერიალური ან არამატერიალური ზიანი მიაყენა შემკვეთს და აღნიშნულს დაადასტურებს შესაბამისი დოკუმენტაციით შემკვეთი.
4.2.12შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
4.2.13პასუხისმგებლობა აიღოს ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე, რომელსაც იგი გასცემს და რომლის შესახებაც მას ევალება ზუსტი ცოდნა ჰქონდეს.
4.2.14წინასწარ აცნობოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაუმჯობესების ან/და ახალი პირობების შესახებ და შეთანხმების საფუძველზე განახორციელოს იგი.
4.2.15გონივრულად მოკლე ვადაში სრულად აანაზღაუროს ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი დროულად დაუბრუნოს შემკვეთს მისგან წამოღებული ნივთთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც მიაქვს ადრესატთან.
4.2.16თუ საქონლის მიწოდება შეუძლებელია 120 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, წინასწარ აცნობეთ მომხმარებელს და დაუბრუნეთ საქონლისა და მომსახურების ღირებულება, თუ ასეთი მომენტი დადგება.
4.3.შემკვეთი უფლებამოსილია:
4.3.1.მოითხოვოს მომსახურების სტატუსი მომსახურების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
4.3.2.მოსთხოვოს ექსპედიტორს მომსახურების შესრულება, მხოლოდ სატრანსპორტო ექსპედიციასთან დაკავშირებით.
4.3.3.წინამდებარე ხელშეკრულების 2.9 პუნქტში მოცემული პირობის არსებობისას მოსთხოვოს ექსპედიტორს ადრესატის მიერ მიწოდებული თანხის გადარიცხვა ექსპედიტორის მომსახურების ღირებულების და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შემკვეთის მიერ შესასრულებელი მატერიალური სახის ვალდებულებების გამოკლებით.

4.4.ექსპედიტორი უფლებამოსილია:
4.4.1.მოსთხოვოს შემკვეთს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ან/და 3.4 და 3.5 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისას თავად უზრუნველყოს თანხის გაქვითვა შემკვეთის დავალიანების მიხედვით.
4.4.2.ყველა ამანათი აწონოს შემკვეთისგან თავის ოფისში მიტანისას და შესაბამისად დააკორექტიროს წონის მიხედვით მისი ფასი.
4.4.3.შეასრულოს მხოლოდ გადაზივდვის/ტრანსპორტირების მომსახურება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით ევალება.
4.4.4.წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.8. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს უარი განაცხადოს მომსახურების შესრულებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებული მიზეზის წინასწარ, ნივთის აღებამდე, დაუყოვნებლივ ინფორმირებით.
4.4.5.წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.16. პუნქტის შემთხვევაში, თუ ექსპედიტორი თვლის რომ ვერ განახორციელებს ზემოაღნიშნულ მუხლში მოხსენიებული მომსახურების გაწევას დროულად, შეუძლია უარი უთხრას შემკვეთს მის განხორციელებაზე, მანამ სანამ ნივთს აიღებს.
4.4.6.წინამდებარე ხელშეკრულების 2.8. და 2.9. პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებისას ისარგებლოს თავის ან შემკვეთის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატით ან/და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტაციით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.4.7.მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება.

4.5. მხარეთა საერთო ვალდებულება:
4.5.1.მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვალ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები
5.შეკვეთის განხორციელება:
5.1.შემკვეთის მიერ ექსპედიტორისათვის მომსახურების შეკვეთა ხორციელდება მხარეთა მიერ შესაბამისი წერილობითი განაცხადის გაფორმებით, რომელიც გაფორმების მომენტიდან წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ხდება კონკრეტული მომსახურებების შინაარსის და მოქმედებების დაზუსტება და მხარეთა შორის შეთანხმება. განაცხადი შესაძლებელია მოიცავდეს სხვა მომსახურების
შესახებ მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ძირითად მომსახურებას და შეთავაზებულია ექსპედიტორის მიერ, მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე. შეკვეთა შესაძლოა განხორციელდება ექსპედიტორის საიტზე (www.wildberidze.ge) არსებულ შემკვეთის პერსონალურ გვერდზეც. ვებ-გვერდზე მოცემულია ყველა მომსახურების პაკეტი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია ექსპედიტორს, ხოლო შემკვეთი განაცხადში უთითებს მისთვის სასურველი მომსახურების ტიპს, რის მიხედვითაც განხორციელდება მომსახურების გაწევა.
5.2.ექსპედიტორი უფლებამოსილია შემკვეთს მომსახურება გაუწიოს უშუალოდ, ჩართოს ან საჭიროების შემთხვევაში გადაანდოს მომსახურების გაწევა მესამე პირებს. მესამე პირების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებელია ექსპედიტორი.
5.3.შეკვეთის განაცხადის მიხედვით ექსპედიტორი ახორციელებს ამანათის წამოღებას შემკვეთისაგან ან მის მიერ მითითებული ადგილიდან, სადაც მას ამანათი ხვდება ნივთის ქარხნული შეფუთვით.. ექსპედიტორმა უნდა გაითვალისწინოს მისი ტრანსპორტირების თავისებურებები და მაქსიმალურად დააზღვიოს გზავნილი შეფუთვის გზით დაზიანებისგან. აღნიშნული ამანათი ჯერ მიდის ექსპედიტორის ოფისში წონის და შესაბამისად ფასის დასაკორექტირებლად შემდგომ ეგზავნება ადრესატს.
5.4.მიწოდების მაქსიმალური დრო განისაზღვრება 120 დღის ვადით. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გზავნილი ჩაითვალოს დაკარგულად და შემკვეთს წარმოეშვება უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.
5.5.ზოგიერთი ტვირთის გადაზიდვისას სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი ტარიფი დადგინდეს მხარეთა შორის შეთანხმებით.

6.მხარეთა პასუხისმგებლობა:
6.1წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2შემკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვადის დარღვევისას ექსპედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, გადაუხდელი თანხის 5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3ექსპედიტორი მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიყენებულია ექსპედიტორის ქმედებით ან მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით.
6.4თუ ტვირთის დაკარგვა ან მთლიანი დაზიანება გამოწვეულია ექსპედიტორის ბრალეულობით, შემკვეთს უბრუნდება ტვირთის ღირებულება (თანხა რომელიც ადრესატმა ტვირთში გადაიხადა/უნდა გადაიხადოს) და გადახდილი მომსახურების საზღაური. ხელშეკრულების მიხედვით მხარეებს სხვაგვარი კომპენსაციის უფლება არ წარმოეშვებათ.
6.5გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოთხოვნის განმცხადებლის ბრალით, ამავე პირის ინსტრუქციებით, რომელზეც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა, ტვირთისათვის ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
6.6შემკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ტვირთის თანმხლები დოკუმენტების ნამდვილობასა და სისწორეზე. ექსპედიტორს უფლება აქვს შემკვეთს დააკისროს, და შემკვეთი შესაბამისად ვალდებულია აუნაზღაუროს, შემკვეთის ბრალით გამოწვეული ნებიმიერი ზიანი. ანალოგიური წესი ვრცელდება ექსპედიტორზე
6.7ექსპედიტორი შემკვეთის წინაშე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს ზიანი გამოწვეულია:
ა) სახელმწიფო ორგანოთა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა ან/და საჯარო მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, რაც დაკავშირებულია მათ სამსახურებრივ მოვალეობების შესრულებასთან.
ბ) შემკვეთის ან დაზარალებულის განზრახი ქმედებით ან გაუფრთხილებლობით
გ) ზიანი, რომელიც დადგა შემკვეთის მიერ ექსპედიტორისათვის არასწორი მონაცემების მიწოდებით ტვირთის შესახებ, ასევე ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იმ გარემოებათა შესახებ, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ექსპედიტორის მიერ მომსახურების ჯეროვნად შესრულებისათვის ან თუ შემკვეთმა დადგენილ ვადაში არ მიაწოდა ექსპედიტორს აღნიშნული გარემოებების ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
დ) კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვისას მომხდარი შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი.
ე) ტვირთების არა სათანადო შეფუთვით ან/და მათი დაზიანებულ მდგომარეობაში გაგზავნით, ასევე ტვირთის შეუსაბამო განლაგებითა ან/და დამაგრების შედეგად გამოწვეული ზიანი.
ვ) ნებისმიერი მოთხოვნები იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მიყენებულია სამხედრო ქმედებების, მანავრების ან სხვა სამხედრო ღონისძიებების, სამოქალაქო ომის, სხვადასხვა სახის სახალხო მღელვარებისა და გაფიცვების, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტული ქმედებების, აგრეთვე, სხვა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად.
ზ) ბირთვული აფეთქების, რადიაციის ან რადიოაქტიური მოწამვლის ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.
თ) ტვირთის ბუნებრივი თვისებების (ქიმიური ცვლილებები, შინაგანი ცვლილებები, გაშრობა, თვისების დაკარგვა და ა.შ.) ცვლილებით,
ი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის თავიდან აცილება შემკვეთის მიერ შესაძლებელი იყო, მაგრამ მან დროულად ან საერთოდ არ მიიღო ყველა შესაძლებელი და სათანადო ზომა რისკის შემცირების ან/და თავიდან აცილებისათვის ან თუ მან ჩაიდინა განზრახი ქმედება ზარალის სიდიდის გასაზრდელად.
კ) თუ ზიანი გამოწვეულია ჰაერის ტენიანობის, ტრიუმის ჰაერის გავლენით. ტვირთის განსაკუთრებული თვისებით, მისი სამომხმარებლო ხარისხის, მასის, მოცულობის ბუნებრივი ცვლილებით.
ლ) ტვირთის დანაკლისით, როდესაც გარეგანი შეფუთვა დალუქი ან/და დაუზიანებელია.
მ) ყველა სხვა გარემოებიდან გამომდინარე, რაც მიზეზობრივ კავშირში არ არის ექსპედიტორთან და მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
6.7. იმ შემთხვევაში თუ კი ექსპედიტორი ვერ ახორციელებს შიდა ხარვეზის (რის შესახებაც შემკვეთს წინასწარ უნდა ეცნობოს) ან/და ადრესატის ბრალით გამოწვეული პრობლემით გზავნილის დროულად ჩაბარებას, ექსპედიტორს შეუძლია შეუთანხმდეს ადრესატს და შემკვეთს დამატებით დროში მიწოდების შესახებ ან/და მიუთითოს პუნქტის შესახებ, საიდანაც შეეძლება გაიტანოს გზავნილი ადრესატს ნებისმიერ დროს მისი სურვილისამებრ, მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში. თუ კი დამატებით დროშიც ვერ ხორციელდება ადრესატისთვის ტვირთის ჩაბარება ადრესატის მიზეზების და გამო, მაშინ შემკვეთს არ აქვს პრეტენზიის უფლება ექსპედიტორთან. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული დამატებითი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) სამუშაო დღეს. ზემოხსენებული დროის განმავლობაში, შემკვეთს არ აქვს უფლება წარუდგინოს პრეტენზია და დააკისროს პასუხისმგებლობა ექსპედიტორს.
6.8. იმ შემთხვევაში თუ ექსპედიტორის შიდა ხარვეზის გამო გზავნილი არ ჩაბარდა დროულად ადრესატს, ექსპედიტორმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ექსპედიტორს გამოსასწორებლად მიეცემა დამატებითი 2 (ორი) დღე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტარიფები იცვლება და მოქმედებს „ეკონომ პაკეტი.“

7.ფორს-მაჟორი
7.1.მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თუ კი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე.
7.2.ფორს-მაჟორულ გარემოებათ ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები და ა.შ.).
7.3.ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად.
7.4.ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები.
7.5.ფორს-მაჟორული გარემოების 1 (ერთ) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, საბოლოო ანგარიშსწორების ვალდებულების შესრულების საფუძველზე.


8.დროებითი მფლობელობა:

ექსპედიტორი სარგებლობს ნივთზე დროებითი სარგებლობის უფლებით. კერძოდ, შემკვეთის მიერ ნივთის გადაცემიდან ადრესატისთვის ჩაბარების მომენტამდე, ექსპედიტორი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფლობს ნივთს.

9.კონფიდენციალურობა
9.1.მხარეები პასუხისმგებლობას კისრულობენ დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია (მაგ: მომსახურების საფასური), რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
9.2.წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ასევე მისი შეწყვეტიდან ერთი წლის მანძილზე, მხარეებს ეკრძალება ინფორმაციის გავრცელება კომპანიების საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ არ დაუშვან კომერციული საიდუმლოების, საქმიანი ურთიერთობის, გარიგებების, ტრანზაქციების ან/და სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც მიღებული იქნა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედები პერიოდში.
9.3.კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია (მაგ: მომსახურების ღირებულება), რომელიც მხარეებისათვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და რომელიც ეხება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და სხვა ნებისმიერ გარიგებებს ან/და შეთანხმებებს, გამომდინარე მხარეთა თანამშრომლობისა და ასევე ინფორმაცია მხარეების (კომპანიების/ფილიალების და ა.შ) საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, გარიგებების, ტრანზაქციების და სხვა საქმიანი ურთიერთობების შესახებ.

10.ხელშეკრულების ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები:
10.1.წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეების მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
10.2.პირად კაბინეტში https://my.wildberidze.ge/ დარეგისტრირებით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ხელმოწერილად ითვლება მომხმარებლის პირად კაბინეტში https://my.wildberidze.ge/ რეგისტრაციის მომენტიდან.
10.3.მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების, განაცხადისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება, მიღების დადასტურება, გაფორმება და ურთიერთგაცვლა შესაძლებელია მოხდეს ელექტრონული საშუალებით ელექტრონული ხელმოწერის ფორმით. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ადასტურებენ ელექტრონული ხელმოწერის ფორმით დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას და გამორიცხავენ ნებისმიერ ეჭვს მასთან დაკავშირებით.
10.4.ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან სრულად შეასრულონ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებები.
10.5.ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე მხოლოდ მხარეთა მიერ წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
10.6. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ცალმხრივად ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ზემოაღნიშნულის შესახებ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე 2 (ორი) კალენდარული კვირით ადრე.
10.7.ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ მხარე წერილობით შეტყობინებას არ გაუგზავნის მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებასთან დაკავშირებით მისი შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით.

11.დამატებითი პირობები:
11.1.წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესრულებულად, ხოლო ტვირთი გადაცემულად ითვლება შემკვეთის ან მისი წარმომადგენლის მიერ სამუშაოს შესრულების აქტზე ან შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
11.2.მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.
11.3. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად, თითოეული მხარისათვის გადასაცემად.
11.5. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების ცვლილება ან დამატება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წერილობით შეთანხმების საფუძველზე. თუ ექსპედიტორის მიერ მომსახურების პირობების ცვლილება შემკვეთსათვის მიუღებელია, ეს უკანასკნელი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება. ექსპედიტორის მიერ პირობების ცვლილების წინასწარ შეუტყობინებლობის შემთხვევაში გავრცელდება ამ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებული პირობები.
11.6. ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან მისი ცალკეული პირობების ბათილობას.
11.7. მხარეები ვალდებულნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინებების, მითითებების და დოკუმენტების მიწოდება განახორციელონ წერილობითი შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა ადრესატისათვის გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას. თუ აღნიშნული ფორმით ვერ ხერხდება ან გვიანდება შეტყობინება, მხარე უფლებამოსილია შეტყობინება გააკეთოს ზეპირი/სატელეფონო შეტყობინების სახით, რაც შემდგომ უნდა დადასტურდეს წერილობითი შეტყობინებით.
გამოიწერეთ სიახლეები და თქვენი ქალაქის შეგროვების გრაფიკი